შნაიდერი პაულ (1897-1939)

შნაიდერი პაულ (1897-1939)
რეფორმატული ეკლესიის პასტორი ქალაქ დიკენშიდში, რეინის ოლქში. ის იყო საეკლესიო დისციპლინის თავდადებული, სულიერი მოძღვარი. ,,საეკლესიო დისციპლინა ეკლესიის ხერხემალია. ხერხემლის გატეხვის შემთხვევაში კი მთელი სხეული უმწეო ხდება,” - წერდა ჟან კალვინი. პაულ შნაიდერი ამ პოზიციის ერთგული მომხრე იყო და საეკლესიო წესებისა და რიტუალების აღსრულებისას საეკლესიო დისციპლინის განუხრელ დაცვას მოითხოვდა. 1934 წელს, ადოლფ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, პ. შნაიდერი პირველად დაუპირისპირდა ნაცისტურ სახელმწიფოს. დიკენშიდში უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა ადგილობრივი ჰიტლერიუგენდის წევრი ყმაწვილი. პანაშვიდის დროს, შნაიდერის ქადაგების შემდეგ, ცხედარს მიუახლოვდა ჰიტლერიუგენდის მეთაური და განაცხადა, რომ ამიერიდან მიცვალებული გახდა ,,ზეციური ჰიტლერიუგენდის წევრი, რომლის ხელმძღვანელია ჩვენი სასიქადულო ჰორსტ ვესელიო.” პაულ შნაიდერმა სიტყვა შეაწყვეტინა მეთაურს და უპასუხა: ,,ეს საეკლესიო რიტუალია და ზეცაში არავითარი ჰიტლერიუგენდი არ არსებობსო.” შემდგომ წლებში თავის სამრევლოში საეკლესიო დისციპლინის გამოყენებით ის ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა ე.წ. ,,გერმანელ (ნაცისტ) ქრისტიანებს”. ამიტომ მას უბრძანეს რეინის ოლქის დატოვება, რადგან ,,ნაციონალურ-სოციალისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ განაწყობდა მოსახლეობას.” გასახლების ბრძანების მიუხედავად, 1937 წელს პაულ შნაიდერი მეუღლესთან ერთად თავის სამრევლოში დაბრუნდა, რათა მოსავლის აღებასთან დაკავშირებული სამადლობელი ლიტურგია აღესრულებინა. მას ღრმად სწამდა, რომ უფალმა მოუწოდა სწორედ ამ კონკრეტული სამრევლოს პასტორი ყოფილიყო და ვალდებული იყო დამორჩილებოდა ღვთის ნებას და არა ნაცისტური სახელმწიფოს ბრძანებებს. ამისთვის პაულ შნაიდერი დააპატიმრეს და ჯერ ქ. კობლენცის გესტაპოს ციხეში ჩასვეს, ხოლო შემდეგ ბუჰენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. მას ნებისმიერ დროს შეეძლო ბანაკიდან განთავისუფლება, დიკენშიდიდან გასახლების ბრძანებას რომ დამორჩილებოდა. მაგრამ პაულ შნაიდერისათვის სამრევლოს დატოვება ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა. 1938 წელს ბუჰენვალდის ადმინისტრაციამ პატიმრებს უბრძანა ყოველ დილით მისალმებოდნენ ნაცისტურ დროშას. პაულ შნაიდერი ამ ბრძანებასაც არ დაემორჩილა, რადგან ამგვარ რიტუალს კერპთაყვანისმცემლობად თვლიდა. ბანაკის კომენდანტის ბრძანებით, სიკვდილმისჯილთა საკანში ჩასვეს. იგი გარეთ მყოფ პატიმრებს საკნის ფანჯრიდანაც უქადაგებდა ღვთის სიტყვას. მორალურად ამხნევებდა მათ და ამხელდა ესესელ მკვლელებს. ყოველი ქადაგების შემდეგ ზედამხედველები პაულ შნაიდერს სასტიკად სცემდნენ. ეს საშინელი წამება ცამეტ თვეს გაგრძელდა. თვითმხილველთა მონაყოლით, ამ პერიოდის მიწურულისათვის მას ჭრილობებიდან უკვე შეუჩერებლად სდიოდა სისხლი. 1939 წლის 14 ივლისს პაულ შნაიდერს სტროფანტინის2 სასიკვდილო დოზა გაუკეთეს. ,,ბუჰენვალდის მქადაგებლის” მოწამეობის ისტორიიდან სამი დასკვნის გაკეთება შეიძლება: პაულ შნაიდერს ურყევი რწმენა ჰქონდა, რომელმაც მისცა საშუალება მოწამეობრივად აღსრულებულიყო. ამ ურყევი რწმენის წყაროები ლოცვა და იმის გაცნობიერება იყო, რომ უფალმა მოუწოდა მას ყოფილიყო დიკინშიდის სამრევლოს პასტორი. იგი მზად იყო სიცოცხლე გაეწირა, ვიდრე თავისი შეხედულებებისათვის ეღალატა. ტანჯვა-წამება უფრო უძლიერებდა რწმენას. საეკლესიო დისციპლინა ღვთის მცნებებს ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ ნაწილად ხდის. ადამიანი უნდა მიჰყვეს ღვთის ნებას და არა რაიმე სხვა ძალებს. საეკლესიო დისციპლინის გარეშე შეუძლებელია ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეობა. ,,ბუჰენვალდელ მქადაგებელს”კარგად ესმოდა, რომ საეკლესიო დისციპლინა აუცილებელია არა მარტო პირად ცხოვრებაში, არამედ პოლიტიკაშიც. პაულ შნაიდერი არ იყო პასიური მსხვერპლი - ის ნებაყოფლობით და ვაჟკაცურად მიდიოდა მოწამეობრივ გზაზე. მან უარყო ნაცისტური ხელისუფლების ბრძანება გასახლების შესახებ, უარი თქვა მისალმებოდა სვასტიკიან დროშას, საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას ამხელდა პოლიტიკურ დამნაშავეებს და ქადაგებდა ღვთის სიტყვას. მისი მოწამეობა აქტიური იყო.
Source: მოლტმანი იურგენ, თანამედროვე ქრისტიანი მოწამეები/ არჩევანი \#5-6 / რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი / 2006 წ.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Полезное



Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»